logo
ENG



ჩოხატაურის მკვიდრი: ერთი პატიოსანი ბიჭი დაიჭირეს და აღიარებინეს 

23 მაი 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩოხატაურში კრიმინალი გაიზარდა, -  ამბობენ ადგილობრივები და აღნიშნავენ, რომ ამაზე მეტყველებს როგორც ბოლო დღეებში მომხდარი ორი მკვლელობა, ისე - ქურდობის ფაქტები. 

სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში გუშინ ღამით მომხდარი აფეთქება ამის კიდევ ერთი დასტურია. ადგილობრივების ინფორმაციით, მძარცველებმა შენობაში არსებული ბანკომატიდან 10 000 ლარამდე თანხა წაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შენობის გაძარცვა სცადეს. ბოლო პერიოდში ბანკომატის გაძარცვა, რომლითაც 8 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ორჯერ სცადეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

სოფლის მოსახლეობის ნაწილი დღესაც ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულო იყო. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ძალით აღიარებინეს და შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა კოხნარში არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ დღევანდელი ინციდენტი სწორედ ამ გათავისუფლების შედეგია.

"ერთი პატიოსანი ბიჭი დაიჭირეს, წაიყვანეს და აღიარებინეს, მეორე დღეს ამბობდა, რაღაც ვთქვიო, მთვრალი ვიყავიო და არ ვიციო. ააღებინეს თავის თავზე და რაც მოხდა ეს არის", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მოსახლეობის ბრალდებებს არ იზიარებს და პოლიციის მუშაობით კმაყოფილია ადგილობრივი ხელისუფლება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს აფეთქებაში დამნაშავე პირის დასჯის იმედი აქვს.

"პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დამნაშავე დასჯილი იქნება", - აცხადებს მერიის წარმომადგენელი ნოდარ ცხომელიძე. 


close დახურვა